ნინოს ამბავი
Georgia
- Children
- Young people
(Read this story in English)
2022 წელს, ჩვენ ჩავატარეთ გაცნობითი ხასიათის ტრენინგი Open House-ში და ნინო ქამუშაძემ იმდროინდელმა ქცევის თერაპევტმა, მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რამაც მას საშუალება მისცა შეეერთებინა მუსიკალური სესიები თავის საქმიანობაში და გაეხსნა ახალი გზები, რათა დაეხმარა იმ ბავშვებს, რომლებთანაც მუშაობდა. მეტის გასაგებად წაიკითხეთ ნინოს ისტორია ქვემოთ:
2022 წლიდან ინკლუზიური განვითარების სფეროში ვარ ჩართული. ჩემი მთავარი მიმართულება ქცევითი თერაპია იყო. ეს სფერო დიდ სიახლეს წარმოადგენდა ჩემთვის და ვცდილობდი აქტიურად შემესწავლა. სხვადასხვა თერაპიული მიმდინარეობის შემეცნების პროცესში, აღმოვაჩინე, რომ არსებობდა მუსიკათერაპია, რომლის შესახებაც იმ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ მქონია. ამ ფაქტმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ბავშვობიდან მუსიკით ვარ გატაცებული და ეს სფერო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჩემს ცხოვრებაში. დავინტერესდი კონკრეტულად რას მოიცავდა მუსიკათერაპია, როგორ ხდებოდა ბავშვთან მუშაობა და საერთოდ რა მიზნებზე შეიძლებოდა გასვლა ამ თერაპიის გამოყენებით.
სწორედ ამ პერიოდში, ჩემმა ორგანიზაციამ, „ღია სახლმა“, მოიწვია პროფესიონალი მუსიკათერაპევტი თამარ ჟორდანია, რომელმაც Music as Therapy International-ის ტრენინგის ფარგლებში, გაგვაცნო მუსიკათერაპიის მნიშვნელობა და მისი პრინციპები. თეორიულ ნაწილთან ერთად გავიარეთ პრაქტიკული ნაწილიც, სადაც აქტივობებში ჩავერთეთ ტრენინგში მონაწილე თერაპევტები. პრაქტიკული ნაწილი მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. დავუკარით სხვადასხვა ინსტრუმენტზე, შევასრულეთ სიმღერა-სავარჯიშოები, რომელიც უშუალოდ გათვლილი იყო კონკრეტული უნარების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა: მეტყველება, მეხსიერება, კონცენტრაციის გაუმჯობესება, რიგის დაცვა… პარალელურად ტრენინგის მონაწილეებმა მივიღეთ საკმაოდ საინტერესო წიგნები, რომელშიც გადმოცემული იყო სხვადასხვა მუსიკალური აქტივობები, სიმღერები და დეტალურად იყო ახსნილი თუ რომელ უნარზე მუშაობდა კონკრეტული სიმღერა („ხელოვნება ინტეგრაციისთვის“). თამარმა აგვიხსნა, რომ ყველა ინსტრუმენტს თავისი დატვირთვა ჰქონდა თერაპიულ პროცესში და კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენებით, ხდებოდა სხვადასხვა უნარზე მუშაობა (მაგ: დასარტყამი საკრავებით ხდებოდა მსხვილ მოტორულ უნარებზე მუშაობა, ჩასაბერი საკრავებით – პირის აპარატზე და მეტყველების გაუმჯობესებაზე, კლავიშიანი საკრავებით – ნატიფ მოტორულ უნარებზე). ტრენინგის ფარგლებში თამარმა „ღია სახლის“ ბენეფიციარებთანაც ჩაატარა თერაპიები და გაგვაცნო მთლიანი თერაპიული პროცესი, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
მუსიკათერაპიაში დავინახე ის განსაკუთრებული შტრიხები, რაც სხვა თერაპიებისგან გამოარჩევდა მას. თერაპევტი და ბენეფიციარი თითქოს ერთმანეთს უზიარებენ ემოციებს, ამყარებენ კომუნიკაციას მუსიკალურად. აქ არ არის საჭირო ბენეფიციარი ფლობდეს კონკრეტულ ინსტრუმენტს, ან ჰქონდეს იდეალური სმენა.
ყველაფერი ხდება იმპროვიზაციულად. თერაპევტი მაქსიმალურად ეხმარება თერაპიის მიმღებს მუსიკალურად გახსნაში, კომუნიკაციის დამყარებაში, ემოციების გაზიარებაში. ერთი პატარა დეტალიც კი შეიძლება იქცეს დიდ მიღწეულ მიზნად. თერაპევტი მიჰყვება ბენეფიციარს და არა პირიქით – ვფიქრობ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი.
სწორედ ეს ტრენინგი გახდა ყველაზე დიდი მოტივატორი ჩემთვის. ინტერესი მეტად გამიღრმავდა და გამიჩნდა სურვილი მეც ვყოფილიყავი ჩართული ამ სასიამოვნო თერაპიულ პროცესში და დავხმარებოდი ბავშვებს საკუთარი თავის გამოვლენაში, კომუნიკაციის დამყარებაში და სხვადასხვა უნარების განვითარებაში. ეტაპობრივად „ღია სახლში“ დავიწყე მუსიკათერაპიის ჩატარება, თამარ ჟორდანიას სუპერვიზიის ქვეშ. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი და თაკოს აქტიური ურთიერთობა. მისგან ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო რეკომენდაციები მივიღე. მისი შემართება და მხარდაჭერა დამეხმარა, საკუთარი თავის განვითარებაში.
ამჟამად აქტიურად ვარ ჩართული მუსიკათერაპიაში. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ, ჩემი და თაკოს გზები კვლავ გადაიკვეთა. მისი დახმარებით გავაგრძელე მუსიკათერაპიული სესიების ჩატარება „მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ – გამმაში“, და ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრ „ფაზლში“. თაკო აქტიურ სუპერვიზიას მიწევს, მიზიარებს სხვადასხვა მეთოდებს და ცდილობს ყოველთვის იყოს ჩართული თერაპიულ პროცესებში.
ვაპირებ, კვლავ გავაგრძელო ამ სფეროს შემეცნება, განვითარება და ბოლომდე მივყვე იმ საქმეს, რომელმაც ასეთი საოცარი გავლენა მოახდინა ჩემზე.